"საქართველოსა და აფხაზეთს შორის კონფლიქტი დასრულებული არ არის და ეს ორი ქვეყანა ომის მდგომარეობაში იმყოფება", _ აცხადებს სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა პორტალ "ვესტიკავკაზასთან" საუბრისას.
მისი თქმით, საქართველომ აფხაზეთის ინტეგრირებას ძალით ვერ მიაღწია და ახლა სხვა საშუალებებს ეძებს.
"საქართველომ აფხაზეთის ინტეგრირება ძალით ვერ მოახერხა და ახლა სხვა საშუალებებს ეძებს. საქართველო ცდილობს შთააგონოს დასავლეთს, რომ ეს შესაძლებელია. ჩვენ მეზობლები ვართ და დარწმუნებული ვარ, პერსპექტივაში ურთიერთობებს აღვადგენთ", _ აცხადებს ჩირიკბა, თუმცა აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით საქართველოსა და აფხაზეთს შორის კონფლიქტი დასრულებული არ არის და "ტექნიკურად ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით".
"ჯერ კონფლიქტი დასრულებული არ არის და საქარველოსთან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელი არ მოგვიწერია. ამიტომაც ჩვენ ჯერაც ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით. საქართველოს ყველა ქმედება 1993 წლიდან აფხაზეთში მდგომარეობის დესტაბილიზებას ისახავდა მიზნად", _ აცხადებს ჩირიკბა.
მისი თქმით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე მრავალი ანტიაფხაზური გამონათქვამი გამოიყენება - აფხაზეთს რუსეთის მარიონეტს და ოკუპირებულ ტერიტორიას უწოდებენ.
"არ არსებობს არავითარი მცდელობა საქართველოსი, რეალისტურად შეაფასოს სიტუაცია და პრაგმატულ გადაწყვეტილებამდე მივიდეს. საქართველომ თავად შეიყვანა თავისი თავი ჩიხში და ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ ვერც ერთ პოლიტიკურ ფიგურას საქართველოს ხელმძღვანელობაში, რომელსაც ზომიერი პოზიცია მაინც ჰქონდეს, აღარაფერს ვამბობ უკვე რეალისტურ პოზიციაზე", _ აცხადებს ჩირიკბა.