"ჩვენ ძალიან გული გვწყდება იმაზე, რომ ევროპა აფხაზეთში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების იგნორირებას ახდენს", _ აცხადებს სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა პორტალ "ვესტიკავკაზასთან" საუბრისას.
მისივე თქმით, ისეთი შტაბეჭდილება იქმნება, რომ ევროკავშირს სრულიად არ აღელვებს აფხაზეთის დემოკრატიზაციის პროცესი და აღელვებს მხოლოდ ის, "თუ რამდენად მალე შევა აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში, რაც აბსოლუტურად არარეალურია".
"ევროპარლამენტის მიერ მიღებული ბოლო რეზოლუციები მეტყველებენ იმაზე, რომ ადამიანები, რომლებმაც არც კი იციან თუ სად მდებარეობს აფხაზეთი იღებენ რეზოლუციებს, რომლებშიც წერია, რომ აქ ადამიანების უფლებების დარღვევები და ეთნიკური წმენდა სისტემატიურად ხდება", _ აცხადებს ჩირიკბა და დასძენს, რომ ევროპა აფხაზეთში მორალის მკითხველად დადის და რეალურად ეს აფხაზეთს ჯერ არც არაფერს არ აძლევს - არც ფინანსური დახმარების და არც სავიზო პოლიტიკის თვალსაზრისით.