დღეს, 8 აპრილს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობენ: ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი ლეონიდ ტიბილოვი და ე.წ. რწმუნებული ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში დავიდ სანაკოევი.
ე.წ. არჩევნების მეორე ტური ჩატარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში თუ მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა სიაში შეტანილი მოქალაქეების 30 პროცენტზე მეტი მიიღებს. გამარჯვებისათვის უბრალოდ მეტი ხმის მოპოვებაა საჭირო.
სეპარატისტების ინფორმაციით, გამარჯვებულის შესახებ წინასწარი წინასწარი შედეგები 9 აპრილს დილით იქნება ცნობილი. ოფიციალური შედეგი კი ხმის მიცემის შემდეგ 5 დღის ვადაში იქნება ცნობილი.
ოსური მედიის ინფორმაციით, ე.წ. არჩევნებს 40 "საერთაშორისო" დაკვირვებელი დააკვირდება. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთიდან იქნება. ცხინვალის რეგიონში ჩავლენ ასევე "დამკვირვებლები" სეპარატისტული დნესტრისპირეთიდან, აფხაზეთიდან და მთიანი ყარაბაღიდან.
მათივე ინფორმაციით, ე.წ. ცესკოში უკვე აკრედიტებულია 30 ზე მეტი ჟურნალისტი, რომლებმაც არჩევნების მიმდინარეობა უნდა გააშუქონ.
ცხინვალში ასევე გაიხსნება საინფორმაციო ცენტრი.
ე.წ. არჩევნების მეორე ტურისათვის ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე 84 საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის ორი სოფელ ზემო რუკში - ჩრდილოეთ ოსეთში მაცხოვრებელი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისათვის და ერთიც - მოსკოვში.
უკვე დაბეჭდილია 40 ათასი ბიულეტენი. ამომრჩეველთა სიებში 39, 79 ათასი ადამიანია შეტანილი.
შეგახსნებთ, რომ ცხინვალის რეგიონში ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები 25 მარტს გაიმართა. ამ ე.წ. არჩევნებში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. კანდიდატმა ლეონიდ ტიბილოვმა ამომრჩეველთა ხმების 42, 48% მოაგროვა, მეორე კანდიდატმა დავიდ სანაკოევმა კი 24, 58%.