უზარმაზარმა ნაძვმა, რომელიც პირდაპირ გზატკეცილზე დაეცა აფხაზეთში მყოფი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მძიმე საბრძოლო ტექნიკას გზა ჩაუხერგა. ინფორმაციას ამის შესახებ "ლაიფ ნიუსი" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო უზარმაზარი ნაძვი სწორედ იმ დროს წაიქცა გზაზე, როდესაც მასზე რუსული საბრძოლო მძიმე ტექნიკა გადაადგილდებოდა.
"ჯავშანმაქანები და კამაზები და მათთან ერთად სხვა ავტომობილები მრავალკილომეტრიან საცობში მოყვნენ", _ იუწყება სააგენტო. მათივე ინფორმაციით, ინციდენტი სოხუმსკოე შოსეზე (ადრ. თბილისის გზატკეცილი) მოხდა.
რუსული მედია ასევე იუწყება, რომ მძიმე ტექნიკა გალის რაიონში მიემართებოდა. ამ დროისათვის საცობში დგას 12 ჯავშანმანქანა და 5 კამაზის ტიპის სატვირთო მანქანა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის გზატკეცილზე ჩამოვარდნილ ხეს ხერხავენ რათა გზა გაათავისუფლონ. წინასწარი ინფორმაციით, გზა დაახლოებით ერთ საათში გაიწმინდება.