სირიელი აფხაზებს სეპარატისტული მთავრობა გულრიფშის რაიონში ჩაასახლებს. "სირიელიები აფხაზეთში" "დაბრუნების" სურვილს გამოთქვამენ - მიმდინარე წლის განმავლობაში აფხაზეთში საცხოვრებლად გადმოსასვლელად მზადაა 90 "სირიელი აფხაზი". ხოლო უკვე დღეს ანუ უახლოეს მომავალში კი აფხაზეთში საცხოვრებლად 30 კაცი მოდის. ამასთან ერთად, "სირიელ აფხაზებს", რომლებსაც აფხაზეთში ჩამოსასვლელად ფული არ აქვთ, ამ თანხას თავად სეპარატისტები მისცემენ. ეს ინფორმაცია აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს სირიიდან დაბრუნებულმა ე.წ. რეპატრიაციის კომიტეტის ხელმძღვანელმა ზურაბ ადლეიბამ სოხუმში დღეს გამართულ თათბირზე მიაწოდა.
თათბირი სირიაში მცხოვრები აფხაზების აფხაზეთში საცხოვრებლად გადმოსვლას ეძღვნებოდა.
ადლეიბა ასევე აცხადებს, რომ 30 სირიელ აფხაზს, რომლებიც უკვე მზად არიან საცხოვრებლად აფხაზეთში გადმოვიდნენ, მცირეწლოვანი შვილებიც ჰყავთ.
ადლეიბა აცხადებს, რომ აფხაზეთის ხელისუფლება "მზადაა მატერიალური დახმარება გაუწიოს მათ, ვინსაც არ შეუძლია სირიიდან აფხაზეთში მგზავრობის თანხის დაფარვა. ადლეიბა ასევე აცხადებს, რომ სირიიდან აფხაზეთში საცხოვრებლად მოსული აფხაზები ოთხი თვის განმავლობაში სასტუმროში იცხოვრებენ, შემდეგ კი მათ საცხოვრებელს გულრიფშის რაიონში შესთავაზებენ. გათვალისწინებულია ასევე მათთვის აფხაზური და რუსული ენების სწავლება, იმისათვის, რათა ბავშვები სკოლაში წავიდნენ, ხოლო უფროსებმა სამუშაოს მოძებნა შეძლონ.
სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხინთბამ თათბირზე განაცხადა, რომ ისინი კავშირში იმყოფებიან სირიაში რუსეთის ფედერაციის საკონსულოსთან. რუსეთის საკონსულო სირიაში ეხმარება ეთნიკურ აფხაზებს.
"ალექსანდრე ანქვაბმა აღნიშნა, რომ ასირიაში მცხოვრებ აფხაზებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პირობებში მოუწევთ მათ აფხაზეთში ცხოვრება", _ იუწყება აფხაზური მხარე და აღნიშნავს, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა უკვე გასცა განკარგულება დაიწყოს ყველა "აუცილებელი საორგანიზაციო პროცედურული საკითხის მოგვარება, რომლებიც სირიელ თანამემამულეთა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებასთან არის დაკავშირებული", _ იუწყება აფხაზური მხარე.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის წინ სეპარატისტულ აფხაზეთში დამასკოდან ჩასული აფხაზური დიაპორტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ესხან აგრბა და მის ორი დის - მახასა და მუხიბას აფხაზეთში ჩასვლის მიზანი აფხაზეთში არსებული სახოვრებელი პირობების გაცნობა იყო, რათა მათ ამის შესახებ მოგვიანებით სირიაში მცხოვრები თავიანთი თანამემამულეებისთვის მოეთხროთ.
"აფხაზეთი ჩვენი მიწაა და გვინდა რომ ის ყვაოდეს. აქ ჩამოსვლა ჯერ კიდევ მამაჩემს სურდა, მაგრამ მან ამის გაკეთება ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, მე შევასრულე მამაჩემის სურვილი", _ აცხადებდა ესხან აგრბა.
სირიელმა აფხაზებმა გვირგვინებით შეამკეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს დაღუპული აფხაზი ბოევიკების მემორიალი. მათ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერების ვლადისლავ არძინბასა და სერგეი ბაღაფშის საფლავებიც მოინახულეს. აფხაზეთში ჩასულმა სირიელმა აფხაზებმა ე.წ. აფხაზური პასპორტების მიღების სურვილი გამოთქვეს და აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეები გახდნენ.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე არაერთი ოფიციალური განცხადება გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, რომ მზადაა სირიაში მცხოვრები აფხაზი ეროვნების "თანამემამულეების" "ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას" ხელი შეუწყოს. მიმდინარე წლის 22 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სირიიდან აფხაზეთში ორი აფხაზი უკვე "დაბრუნდა". ნიშან ვანაჩა და შამილ მარშანი - ეს ის აფხაზები არიან, რომლებმაც "ისტორიულ სამშობლოში" დაბრუნება გადაწყვიტეს და გააკეთეს განცხადება, რომ მალე აფხაზეთში თავიანი ოჯახის წევრებსაც ჩამოიყვანენ.
ნიშან ვანაჩა არქიტექტორია, შამილ მარშანმა კი ინდუსტრიული კოლეჯი საამთავრა. ამჟამად ისინი სოხუმში დასასვენებელ სახლ "აფხაზიაში" ცხოვრობენ. ნიშან ვანაჩას განცხადებით, იგი იმისთვის დაბრუნდა აფხაზეთში, რომ მთელი მისი ოჯახისთვის დაბრუნების საფუძველი მოამზადოს. მისი თქმით, მალე აფხაზეთში ჩამოსვლას ასევე გეგმავს მისი ორი ძმიშვილი.