აფხაზური ენის შენარჩუნების, აფხაზურ სკოლებში აფხაზი ეროვნების მოსწავლეების რაოდენობის კლებისა და რუსულ სკოლებში აფხაზი ეროვნების ბავშვების რაოდენობის ზრდით შეშფოთებული აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლები აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ალექსანდრე ანქვაბსა და აფხაზეთის ე.წ. მთარობის წევრებს მიმართვას უგზავნიან და მათ აფხაზური ენის შენარჩუნების ახალი სტრატეგიის შენარჩუნებას სთხოვენ.
აფხაზეთის ე.წ. მთავრობის წევრთა და აფხაზური სამოქალაქო საზოგადოების წამომადგენელთა შეკრება გაგრის რაიონში გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
შეკრებაზე დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ სიტუაცია აფხაზურ ენასთან დაკავშირებით სულ უფრო და უფრო საგანგაშო ხდება.
"რუსულ სკოლებში აფხაზი ეროვნების მოსწავლეების რაოდენობა იზრდება, მაშინ როდესაც აფხაზურ სკოლებში აფხაზური ოჯახებიდან გამოსული ბავშვების რაოდენობა იკლებს", _ იუწყება აფხაზური მხარე.
გაგრის რაიონის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენელმა ზაკან აგრბამ შეხვედრზე კონკრეტული ციფრები მოიყვანა და განაცხადა, რომ მის აღშფოთებასა და შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ რუსულ სკოლებში მოსწავლეთა უმრავლესობა აფხაზი ეროვნებისაა. მისი ინფორმაციით, გაგრის რუსულ სკოლაში მოსწავლეთა 38 % აფხაზია და 23 % რუსი.
მისი თქმით, რაც უფრო კარგია სიტუაცია აფხაზეთის რუსულ სკოლებში, მით უფრო უარესდება ის აფხაზურ სკოლებში.