აფხაზეთის არც ერთი მოქალაქე, რომელმაც სამედიცინო დახმარება საქართველოში მიიღო საქართველოს ხელისუფლების მიმართ ლოიალური არ გამხდარა. ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხინთბამ "აფსნიპრესისასთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
ამასთან ერთად, მისივე თქმით, "აფხაზეთიდან საქართველოში წასული აფხაზეთის მოქალაქეების ცნობიერება არ იცვლება და ისინი არ ივიწყებენ სისხლით მოპოვებული აფხაზური დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის იდეას".
"სამედიცინო დახმარების გაწევა ეს უკიდურესაც ჰუმანიტარული საკითხია და მისი პოლიტიზირება არ უნდა ხდებოდეს. როდესაც საუბარი მიდის ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებაზე არავის აქვს უფლება მას სამედიცინო დახმარების მიღება აუკრძალოს", _ აცხადებს ხინთბა და აღნიშნავს, რომ ამავე დროს, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეები დანარჩენ საქართველოში მასობრივად გადმოდიან და სამედიცინო დახმარებას იღებენ გადაჭარბებულია.
"არავითარი მასობრივი ხასიათი ამ ფაქტებს არ აქვთ. რეალურად არსებული მდგომარეობისა და ქართული პროპაგანდით ფორმირებული ვირტუალურის გარჩევა უნდა ვისწავლოთ. არავითარი ქართული სტრატეგიის წარმატებაზე საუბარი არ არის.
მათგან არავინ ვინც საქართველოში იყო და იქ სამედიცინო დახმარება მიიღო ამის გამო საქართველოს ხელისუფლების მიმართ ლოიალური არ გამხდარა. ჩვენ ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს და ამიტომაც მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში მცირერიცხოვანი ვიზიტები ვერ შეცვლია აფხაზეთის მოქალაქეების ცნობიერებას ისე, რომ მათ დაივიწყონ სისხლით მოპოვებული აფხაზური დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის იდეა", _ აცხადებს აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.