"თბილისის ხელისუფლებამ თავად შეიყვანა თავისი თავი "რუსული ოკუპაციის კონცეფციაში", _ ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხინთბამ "აფსნიპრესისასთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
მისი აზრით, "საქართველოს მმართველი პოლიტიკური ელიტისათვის რუსული ფაქტორის საფრთხის მობილიზაცია პოლიტიკური თვითგადარჩენის საშუალებაა". მისივე თქმით, "საქართველოს ხელისუფლებას ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პრობლემებზე საუბრის ნაცვლად მათ რუსულ საფრთხეზე ლაპარაკით ანაცვლებს და ამით ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პრობლემა კიდევ უფრო ჩიხში შეჰყავს".
"იმ ინფორმაციის ფონზე, რომ ზუგდიდში უკანონო შეიარაღებული ფორმირებები იქმნება და საქართველოს ჩვენთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება არ სურს შეუძლებელია ხელი შეეწყოს ქართულ-აფხაზურ დარეგულირებას და რეგიონში სიტუაციის სტაბილიზებას", _ აცხადებს ხინთბა.
მასალის გამოყენების პირობები