უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის განცხადებით, უპირველესად ხელისუფლებაა დაინტერესებული, საქართველომ მომავალ არჩევნებში დემოკრატიის ტესტი ღირსეულად ჩააბაროს. ამის შესახებ გაბაშვილმა აშშ-ის ელჩის ჯონ ბასის მოწოდების შეფასებისას განაცახადა, რომლის თანახმადაც, ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხი კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპით და სწრაფად უნდა წარიმართოს.
გაბაშვილის თქმით, მმართველი გუნდის მიზანია, როგორც ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემთხვევაში, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებშიც, საქართველომ დემოკრატიულობის კუთხით, საერთაშორისო საზოგადოებისა და მოსახლეობის მაღალი შეფასება დაიმსახუროს.
"სწორედ ამიტომ ვთვლით, რომ სპეკულაციებს იმის თაობაზე, რომ რაიმე სახის არათანაბარი მდგომარეობა იქმნება, რაზედაც ჩვენ ვამბობდით, რომ არანაირ არათანაბარ მდგომარეობას ადგილი არ ექნება, დღეს წერტილი უნდა დაესვას. ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და ჰქონდეს ის უფლება, რაც არჩევნებში მონაწილეობის მიღების მსურველ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს გააჩნია" - აღნიშნა გაბაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ მხარს დაუჭერენ "ქრისტიან-დემოკრატების" საკონსტიტუციო ინიციატივას, რომელიც ივანიშვილისთვის პარლამენტის წევრად არჩევის შესაძლებლობას ითვალისწინებს. უმრავლესობაში ასევე აცხადებენ, რომ იმსჯელებს სხვა ცვლილებებზედაც, რათა ის პირი, ვინც დაბადებულია საქართველოში, ათი წელია ცხოვრობს საქართველოში, აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა, გათანაბრებული იყოს საქართველოს მოქალაქესთან.