ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოსამზადებელი სამუშაოები მთლიანად დასრულებულია. განცხადება ამის შესახებ ე,წ, სამხრეთ ოსეთის ე.წ. ცესკოს ხელმძღვანელმა ბელა ფლიევამ გააკეთა.
"საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად ყველაფერი მზადაა. 40 ათასი ბიულეტენი უკვე დაბრჭდილია და ტერიტორიულ კომისიებშია გადაგზავნილი. ამომრჩეველთა სიებში 39, 79 ათასი ადამიანია შეტანილი",_ განაცხადა ბელა ფლიევამ.
მისივე ინფორმაციით, ე.წ. არჩევნების მეორე ტურისათვის ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე 84 საარჩევნო უბანი გაიხსნება, ერთი უბანი კი რუსეთში.
სეპარატისტები არჩევნებზე რამდენიმე ათეულ დამკვირვებელს კვლავ ელიან. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთიდან იქნება. ცხინვალის რეგიონში ჩავლენ ასევე "დამკვირვებლები" სეპარატისტული დნესტრისპირეთიდან და მთიანი ყარაბაღიდან.
"8 აპრილს დილიდან ხმის მიცემის პროცედურასთან ერთად ასევე გაიხსნება ცესკოს საინფორმაციო ცენტრი, რომელიც არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას გააჟღერებს",_ აცხადებს ფლიევა.
სეპარატისტები აცხადებენ, რომ ე.წ. არჩევნების მეორე ტური ჩატარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში თუ მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა 30 პროცენტზე მეტი მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის რეგიონში ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები 25 მარტს გაიმართა. ამ ე.წ. არჩევნებში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. კანდიდატმა ლეონიდ ტიბილოვმა ამომრჩეველთა ხმების 42, 48% მოაგროვა, მეორე კანდიდატმა დავიდ სანაკოევმა კი 24, 58%. არჩევნების მეორე ტური 8 აპრილს გაიმართება.