უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 10:00 საათის მდგომარეობით, ხმის მიცემასთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია საარჩევნო უბნების 50 %-დან უკვე შევიდა.
უკრაინის ცესკოს თავმჯდომარის ვლადიმერ შაპოვალის განცხადებით, ხმის მიცემა მიმდინარეობს 33 672 უბანზე, მათ შორის 32 079 ჩვეულებრივი საარჩევნო უბანია, 13 უბანი რეგისტირებულია უცხოეთში, 1048 კი, სპეციალური საარჩევნო უბანია. კერძოდ, 120 სპეცუბანი ფუნქციონირებს საავადმყოფოებში, 213 ციხეებში, 65 საზღვაო გემებზე, 1 სამხედრო ნაწილში და კიდევ ერთი უბანი მუშაობს პოლარულ სადგურზე.
პრეზიდენტობის 18 კანდიდატიდან საარჩევნო უბნებზე იმყოფება 3 730 ნდობით აღჭურვილი პირი, ასევე 432 482 კანდიდატების ოფიციალური დამკვირვებლები. გარდა ამისა, უკრაინის საარჩევნო კომისიებში მუშაობენ 3 141 უცხოელი დამკვირვებელი, მათ შორის 2 873 სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია. ამასთან, ცესკოში აკედიტირებულია 517 ადგილობრივი და 421 უცხოელი ჟურნალისტი.
ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, არავითარი შეზღუდვები რეგისტრაციისას არ ყოფილა. მისივე ინფორმაციით, "10:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე რაიმე სახის მნიშვნელოვანი ინციდენტი არ მომხდარა, თუმცა ზოგიერთ უბანზე არის ტექნიკური ხასიათის პრობლემები, რომელიც ელექტრომომარაგებას და სხვა მსგავს საკითხებს უკავშირდება".
ამასთან, ცესკოს თავმჯდომარემ დარწმუნებით განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით რადიკალური პრობლემები არ იქნება და არჩევნები არ ჩაისლება.