საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების თავმჯდომარის გივი თარგამაძის განცხადებით, ქართული დელეგაცია უკრაინაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით საკუთარ დასკვნას მაინც დადებს.
"ჩვენ ჩვენს დასკვნას მაინც დავდებთ იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო პროცესზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრების საშუალება არ მოგვეცა. სამაგიეროდ, ჩვენ ასეთ ხერხს მივმართეთ - ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს დახმარება შევთავაზეთ და რამდენიმე ორგანიზაციისგან დადებითი პასუხიც მივიღეთ, რის კონტექსტშიც, ქართული დელეგაციის წევრებმა შესაბამისი, ჟურნალისტის აკრედიტაცია გავიარეთ", - განუცხადა უკრაინაში მყოფმა თარგამაძემ ქართველ ჟურნალისტებს და აქვე განმარტა, რომ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას "კარუსელის კონტურებია" გამოკვეთილი.
"რამდენიმე მიკროავტობუსი დონეცკის ოლქში ე.წ. კარუსელითაა დაკავებული. ჩვენ ამის შესახებ ინფორმაციას მივაწვდით, როგორც სამართალდამცველებს, ისე უცხოელ დამკვირვებლებს. ეს აისახება ჩვენს დასკვნაშიც, რომელსაც ქართული მხარე რამდენიმე დღეში მოამზადებს", - განმარტა თარგამაძემ.
გარდა ამისა, ქართული დელეგაციის წარმომადგენლის განმარტებით, კიდევ ერთი დარღევა, რასაც დღეს დილიდან ჰქონდა ადგილი იმაში მდგომარეობს, რომ "ერთ-ერთმა უკრაინელმა პოდპოლკოვნიკმა არჩევნებზე მედიაწარმომადგენლად დარეგისტირებულ ქართველ დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდა".
აღსანიშნავია, რომ თარგამაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველ დამკვირვებლებს დღეს დილიდან საარჩევნო უბნებზე არ უშვებდნენ, ამ დროისთვის მათ განკუთვნილ უბნებზე შესვლა მაინც მოახერხეს, ოღონდ ჟურნალისტის სტატუსით.