კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი თინა ხიდაშელი იუსტიციის სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად თავისივე "მოჯადოებული ტყუილების" მსხვერპლი ხდება.
"პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ სააკაშვილი ყოველდღიურად თავისი მოჯადოებული ტყუილების მსხვერპლი ხდება. მას დაკარგული აქვს ყოველგვარი რეალობის აღქმა", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ხიდაშელმა.
ხიდაშელის განცხადებით, მთელი სახელმწიფო აპარატი სააკაშვილის ძალაუფლების შენარჩუნებაზე მუშაობს.
"იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად უკანონო. საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს ასეთი მუხლი, ასეთი დეფინიცია და განმარტება რომელსაც ისინი ამბობენ. ჩვენთვის გასაგებია ის შიშები და გასაგებია, რატომ იქცევიან ასე, მაგრამ სრულიად გაუგებარია, როცა მთელი სახელმწიფო აპარატი მუშაობს იმაზე, რომ ამ ერთი კაცის ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეები "გააპრავონ" ნაცვლად იმისა, რომ ემსახურონ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს", _ განაცხადა ხიდაშელმა.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით ,,ქართული ოცნების" მუშაობა არ შეფერხდება.
"ამ გადაწყვეტილებით არაფერი იცვლება. ივანიშვილი არის კოალიციის ლიდერი და დარჩება კოალიციის ლიდერად. ამ არჩევნებზე ჩვენ ივანიშვილთან ერთად გავალთ და შემდეგ ის გახდება პრემიერ-მინისტრი", _ აღნიშნა "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა.
შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტრომ ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნა ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.