პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, მოქალაქეობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა ნებისმიერ პირზე იდენტურია. ამის შესახებ კუბლაშვილმა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, სამოქალაქო რეესტრის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, კანონის მოთხოვნები ნებისმიერი პიროვნებისთვის იდენტურია, მიუხედავად იმისა რამდენი მილიარდი აქვს ან არა აქვს მას.
„ეს სამართლებრივი საკითხია და კანონის შესაბამისად წყდება. სამოქალაქო რეესტრის მიერ საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა, სხვა რაიმე შეფასებები ამ საკითხთან დაკავშირებით ზედმეტია. კანონი მოქალაქეების მიმართ ერთნაირია მიუხედავად იმისა თუ როგორია მათი სოციალური აქტივობა ან ფინანსების რაოდენობა" -აღნიშნა კუბლაშვილმა და დასძინა, რომ საფრანგეთის მოქალაქეს - ბიძინა ივანიშვილს, ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით უნდა მიემართა, რაც დეტალურად წერია სამოქალაქო რეესტრის განცხადებაში.
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრმა ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქოებასთან დაკავშირებით დასკვნა დღეს გაავრცელა. დასკვნის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეობის მისაღებად ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას უნდა მიმართოს.