უმრავლესობის წარმომადგენლები გრიგორი კარასინის განცხადებას ეხმიანებიან და მიიჩნევენ, რომ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ალასანიას განცხადება გაახმოვანა, რომელიც კრემლის ინტერესებს ემსახურება.
"როდესაც შენ ემსახურები კრემლს და ატარებ რუსეთის ინტერესებს, იძულებული ხარ, სინქრონში ისაუბრო და გააკეთო ისეთი განცხადებები, რაც მათ ასიამოვნებთ",_ განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, რუსეთს საქართველოში ინსტრუმენტად ჰყავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
"ინსტრუმენტად ჰყავთ ზოგიერთი კონკრეტული პოლიტიკოსი, ამ შემთხვევაში ირაკლი ალასანია, რომელიც ახმოვანებს და სინქრონში საუბრობს, იმავე მესიჯებით, იმავე გზავნილებით, რასაც წლების განმავლობაში ვისმენდით, კრემლიდან და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან. ზოგ შემთხვევაში ეს შეხებოდა ჩეჩენ ბოევიკებს, ახლა საუბარი გადავიდა უკვე ქართულ შეიარაღებულ ფორმირებებზე, რაც ასევე არის მტკნარი სიცრუე. ფორმალური ოფიციალური საჯარისო შენაერთები საქართველოს შიგნით რომ არსებობენ, თუ ვინმეს აღიზიანებს, ეს მათი პრობლემაა. ეს, როგორც ჩანს, რუსეთს აღიზიანებს და როგორც წესი, ეს ქართველ პოლიტიკოსებს არ უნდა აღიზიანებდეთ, მაგრამ როდესაც შენ ემსახურები კრემლს და ატარებ რუსეთის ინტერესებს, იძულებული ხარ, სინქრონში ისაუბრო და გააკეთო ისეთი განცხადებები, რაც მათ ასიამოვნებთ",_ განაცხადა ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ: ჟენევაში მოლაპარაკებათა მორიგი მე-19 რაუნდის დასრულების შემდეგ, რუსული დელეგაციიის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ოკუპირებული რაიონების მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო შეიარაღებულ ფორმირებებს ქმნის.