ფრაქცია ,,ერთობა სამართლიანობისთვის,, წევრი გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთანებების შესახებ,, კანონში ცვლილებებით, მისი მთავარი არსი - ძალადობა, არ შეცვლილა.
ამის შესახებ ცაგარეიშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, კანონში ცვლილებების პროექტის განხილვისას განაცხადა.
მისი შეფასებით, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონი მაშინ დაიწერა, როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა და „ქართული ოცნება" შეიქმნა.
,,ივანიშვილის გააქტიურება ხელისუფლებამ ვერაფრით გადაიტანა და კონტროლის პალატას სადამსჯელო უფლებები მიანიჭა. მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები სწორედ კონტროლის პალატას ამოფარებული აწარმოებდნენ მოქალაქეების დაკითხვას და შეურაცყოფას. ამიტომ, შეიქმნა ეს უკუღმართი კანონი" - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
რაც შეეხება ცვლილებების შესახებ, არასამთავრობოებთან მიღწეულ შეთანხმებას, ცაგარეიშვილი ყოველგვარ შეთანხმებას მიესალმება, თუმცა აცხადებს, რომ აღნიშნული კანონის მთავარი არსი - ძალადობა, არ შეცვლილა.
,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთანებების შესახებ,, კანონში ცვლილებების კანონპროექტს, პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით განიხილავს.