იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინათინ ბურჯალიანის განცხადებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, უკვე აღსრულებულია.
როგორც ბურჯალიანმა დღეს პარლამენტში გამართულ სამთავრობო საათზე განაცხადა, მიმდინარეობს მუშაობა, რათა გირგვლიანის მკვლელობის მსგავსი უბედური შემთხვევების პრევენცია მოხდეს.
მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობას, ოჯახის სასარგებლოდ, დაეკისრა 50 ათასი ევრო კომპენსაციის სახით, იმ ხარვეზებისთვის, რასაც ადგილი ჰქონდა გამოძიებისას და ეს გადარიცხვა განხორციელდა 3 თვეში.
ბურჯალიანის ინფორმაციით, ახლა მიმდინარეობს მუშაობა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტთან, რომელიც ევროსასამართლოს გადაწყვეტლებების აღსრულებას ზედამხედველობს.
მისი თქმით, სამოქმედო გეგმა, რომელიც მუშავდება, დაკავშირებულია მთელ რიგ საკანონდმებლო თუ სხვა სახის ღონისძიებებთან, რომელთა მიზანია მსგავსი შემთხვევების პრევენცია და შეძლებისდაგავარად აღმოფხვრა ყველა იმ შედეგისა, რომელიც ამ უბედურ შემთხვევას მოჰყვა.
ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ გაგზავნილ შეკითხვაში აღნიშნული იყო, რომ 2011 წლის 14 იანვარს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელზე წარდგენილ იქნა სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მოქმედების წინასწარი გეგმა. რას ითვალისწინებს ხსენებული წინასწარი მოქმედების გეგმა? რა სახის ღონისძიებები აქვს დაგეგმილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსასრულებლად?
აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემემდე მისმა ავტორებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს, რაც შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ნაცვლად მისი მოადგილის გამოცხადებამ გამოიწვია.