საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის მიერ ნავთობის მოპოვების გაპროტესტებას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთსა და ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბება.
დავითაიას თქმით, ამის მიზეზი საკურორტო სეზონია, რადგანაც ნავთობის მოპოვების შემდეგ აფხაზეთში დასვენების სურვილი აღარავის ექნება. ტურისტებისგან მიღებული შემოსავალი აფხაზეთში მცხოვრები აფხაზებისათვის შემოსავლის ძირითადი წყაროა.
"ყოველივე გამოიწვევს ეკოლოგიური სიტუაციის დამძიმებას აფხაზეთის ტერიტორიაზე და როგორც საკურორტო ზოლს მთლიანად მოწყვეტს აფხაზეთს. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ აფხაზები უკვე ხვდებიან, რომ რუსეთს არ აინტერესებს ე.წ. მათი დამოუკიდებლობა და აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ფული კეთება აფხაზეთის ტერიტორიაზე. აფხაზები ვერ განკარგავენ თავიათ მიწას ისე როგორც მათ სურთ და ეს მათთვის ყველაზე მიუღებელია. მომავალში სავარაუდოდ, აფხაზეთის მოსახლეობის წინააღმდეგობის მუხტი რუსეთის მიმართ გაიზრდება", _ აცხადებს დავითაია.
შეგახსენებთ, რომ აფხაზმა სეპარატისტებმა რუსეთის "როსნეფტთან" 2009 წლის 25 დეკემბერს 15 მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმეს. ხელშეკრულები მიხედვით რუსული კომპანია 2010 წლიდან შავი ზღვის გუდაუთის აკვატორიაში ნავთობის მოპოვების დაწყებას გეგმავს. ხელშეკრულების მიხედვით ასევე გათვალისწინებულია აფხაზეთში ბენზინგასამართი სადგურებისა და თხევადი გაზის კომპლექსების მშენებლობა.