ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა საავადმყოფოდან ჯერაც არ გამოუწერიათ და იგი ამ სამედიცინო დაწესებულებაში საკუთარი ნების გარეშე რჩება. ცხინვალის რეგიონში უკვე აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ შესაძლოა ჯიოევა საავამდყოფოში გაურკვეველი ვადით დარჩეს.
მის მიერ სხვა და სხვა ინსტანციებში მიწერილი წერილები ამ დრომდე უპასუხოდ რჩება. ბოლოს ჯიოევამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ვადიმ ბროვცევს მიმართა და მისი სამართლებრივ სივრცეში დაბრუნება მოსთხოვა. ჯიოევასათვის პასუხი არც ამ შემთხვევაში გაუცია ვინმეს.
ამჟამად ალა ჯიოევა კვლავ ცხინვალის საავადმყოფოში იმყოფება და მის პალატას შეიარაღებული ხალხი იცავს. თავად ოკუპირებულ ტერიტორიაზე კი აქტიურად საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ "ხელისუფლებას" განსაკუთრებულად კი მოსალოდნელი ე.წ. საპრზიდენტო არჩევნების წინ ჯიოევას გავლენის ეშინია. ამიტომაც მისი ამჟამად გათავისუფლების შემთხვევაში მან შესაძლოა 25 მარტს დაგეგმილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ხელი შეუშალოს. თავად ჯიოევა ამ არჩევნებს კვლავინდებურად არალეგიტიმურად მიიჩნევს.