აფხაზეთის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლად კრასნოდარის მხარის გუბერნატორის ალექსანდრე ტკაჩოვის დანიშვნა კარგი ახალი ამბავი იყო, რომელიც ჩვენ სიამოვნებით მივიღეთ. განცხადება ამის შესახებ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა გააკეთა. მისივე თქმით, აფხაზური ინტერესებიდან გამომდინარე ეს დანიშვნა ძალიან ხელსაყრელია.
"ალექსანდრე ტკაჩოვი დიდი ენერგიით გვეხმარებოდა ჩვენ მანამ ვიდრე ჩვენს დამოუკიდებლობას აღიარებდნენ. აფხაზეთში მისადმი კარგად არიან განწყობილნი, ვინაიდან აფხაზეთში მისი სახელით ბევრი კეთილი საქმეა გაკეთებული', _ აცხადებს ანქვაბი.
მისივე თქმით, აფხაზეთისათვის ალექსანდრე ტკაჩოვის დანიშვნა მომგებიანი იმიტომაცაა, რომ იგი კარგად იცნობს იმ პრობლემებს რომლებიც აფხაზეთს აქვს და მისი ფაქტორის გათვალისწინებით ალბათ მრავალი პრობლემის მოგვარება გაცილებით უმოკლეს ვადაში იქნება შესაძლებელი.
"ამიტომაც არაფერი შემთხვევითი რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში არ არის. ეს ძალიან კანონზომიერი გადაწყვეტილებაა და ჩვენ მას მხოლოდ მივესალმებით", _ აცხადებს ალექსანდრე ანქვაბი.