ხვალ, 20 მარტს, სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დაკავებულების ურთიერთგაცვლის განხილვის თემა გაგრძელდება. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა დაუდასტურა.
უტიაშვილი სააგენტოსთან საუბარში აცხადებს, რომ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილებული იქნება უსაფრხოების საკითხებზე, ვინაიდან ახლა მალე მიწის სამუშაოები იწყება.
"გაგრძელდება მსჯელობა დაკავებულების გაცვლასთან დაკავშირებით, ამავე დროს, შეხვედრაზე ყურადღებას გავამახვილებთ უსაფრთხოების საკითხებზე, ვინაიდან გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით მიწის სამუშაოები იწყება", _ აცხადებს უტიაშვილი სააგენტოსთან საუბარში.
შეგახსნებთ, რომ შეთანხმებას ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფების შეხვედრების კვლავ სოფელ ერგნეთში გამართვის შესახებ მხარეებმა 21 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს. მანამდე შეხვედრები სოფელ დვანში მიმდინარეობდა.