აფხაზური მხარის ინფორმაციით, გალისა და სოფელ მახუნჯიას საზღვარზე მდებარე სახლში ნაპოვნი მოკლული სამი მამაკაცის ვინაობა დადგენილია. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. ესენი არიან: სოფელ ჭუბურხინჯის მაცხოვრებლები მამა-შვილი სანათელ და ბაჩუკი გამისონია და "საქართველოს მკვიდრი ლევან გუჩუა",_ იუწყება აფხაზური მხარე.
გალის რაიონის ე.წ. მილიციის უფროსის ლაურენს კოღონიას ინფორმაციით, ბაჩუკი გამისონია 2011 წლიდან ძებნაში იმყოფება კონტრაბანდის გადატანის, ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონოდ შენახვის ბრალდებით.
"მთელი ამ დროის განმავლობაში იგი მართლმსაჯულებას საქართველოს ტერიტორიაზე ემალებოდა. ხოლო რაც შეეხება ლევან გუჩუას, იგი ასევე არის კრიმინალური სფეროს წარმომადგენელი, ოღონდ საქართველოს კრიმინალური სფეროს წარმომადგენელი", _ აცხადებს კოღონია.
მისივე თქმით, სავარაუდოდ გუჩუამ და გამისონიამ "უკანონოდ გადმოკვეთეს სახელმწიფო საზღვარი ამ უკანასკნელის მამასთან შესახვედრად". გამოძიების ერთ ერთი ვერსიით მომხდარი კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება.