გალსა და სოფელ მახუნჯიის საზღვარზე მდებარე ერთ-ერთ კერძო სახლში სამი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახბე აფხაზური მედია ავრცელებს.
გალის რაიონის ე.წ. მილიციის უფროსის ლაურენს კოღონიას განცხადებით აღნიშნული ინციდენტი 15 მარტს მოხდა. მისივე თქმით, სამართალდამცავებმა მოკვლევის დროს აღმოაჩინეს, რომ სამივე მამაკაცი, რომელიც სახლში იმყოფებოდა სწორედ იმ დროს მოკლეს, როდესაც ისინი მაგიდას უსხდნენ. მკვლელი სავარუდოდ ქუჩიდან ისროდა.
მისივე ინფორმაციით, 15 მარტს გალის რაიონის მილიციის განყოფილებაში უცნობმა ადამიანმა დარეკა და განაცხადა, რომ ქალაქის განაპირას სროლის ხმა ისმის.
"ადგილზე გასულმა თანამშრომლებმა ვერც ადგილი აღმოაჩინეს საიდანაც ისროდნენ და ვერც მოწმეები. მეორე დილით კი უცნობმა პირმა ისევ დარეკა და მკვლელობის ადგილი დაასახელა", _ აცხადებს კოღონია და აღნიშნავს, რომ ამჟამად აღნიშულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ ისინი გარდაცვლილთა ვინაობას ადგენენ.