პოლიტოლოგ ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე ლევან თარხნიშვილის კანდიდატურის ხელახლა დაყენება "პრეზიდენტის მხრიდან სირცხვილი იყო".
როგორც აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას "ჯი-ეიჩ-ენს" სესიაშვილმა განუცხადა, მიხეილ სააკაშვილს თარხნიშვილის კანდიდატურა თუნდაც იმ მიზეზის გამო უნდა გამოერიცხა, რომ მისი თავმჯდომარეობის პერიოდში ჩატარებული არჩევნები საერთაშორისო საზოგადოების მიერ მკვეთრად უარყოფითად შეფასდა და კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა.
"ამის შემდეგ ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე ისევ თარხნიშვილის კანდიდატურის შერჩევა პრეზიდენტის მხრიდან სირცხვილი იყო და არჩევნების მიმართ მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებას პირდაპირ მიუთითებს", - განუცხადა სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს", რომლის აზრითაც, ამ თანამდებობაზე თარხნიშვილის კანდიდატურის დასახელება იმაზეც მეტყველებს, რომ პრეზიდენტს "კადრებშიც სერიოზული დეფიციტი აქვს".
"როგორც ჩანს, ქვეყნის პირველ პირს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, ვინაიდან არ დარჩა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლების მიმართ ლოიალურად არის განწყობილი", - განაცხადა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტის მიერ დასახელებული სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი ლევან თარხნიშვილია.