ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორმა თანამდებობა დატოვა - ინფორმაცია “აჭარა თაიმსს” თემურ კეჟერაძემ დაუდასტურა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი “გადაღლა” გახდა.
უნივერსიტეტის უკვე ყოფილი რექტორი კატეგორიულად უარყოფს, რომ მისი გადადგომა ამავე დაწესებულების დეკანისა და ოთხის სტუდენტის დაკავების ფაქტს უკავშირდებოდეს.
“გადავიღალე, ასაკში ვარ და რა ვიცი ჯანმრთელობის პრობლემებიც მაქვს. სხვა არაფერს უკავშირდება ეს გადაწყვეტილება,” – განუცხადა გამოცემას თემურ კეჟერაძემ.
ცნობისთვის, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომ უერთდებიან სახალხო პროტესტს და იკავებენ უნივერსიტეტის ფოიეს მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე. სტუდენტები ითხოვენ დაპატიმრებული დეკანის, მამუკა ჯორბენაძის და სტუდენტების დავით გვიანიძის, გურამ მიქელაძის, ანრი კაკაბაძის და გიორგი დავითაძის, ასევე რეჟიმის სხვა პატიმრების გათავისუფლებას.
ბათუმში, ოლიგარქის სასამართლომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანის და პროფესორ მამუკა ჯორბენაძეს და 4 სტუდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 11 დეკემბერს შეუფარდა.
მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი 9 დეკემბერს დააკავეს. მათ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება. მამუკა ჯორბენაძის ადვოკატის თქმით, პროფესორი და მისი სტუდენტები პოლიტიკური ნიშნით დააკავეს.
მამუკა ჯორბენაძე ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. ის აქტიურად იყო ჩართული სასწავლებლის გაფიცვის ორგანიზებაში.