პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის შეფასებით, ვალდიმერ პუტინთან ურთიერთობშის სასიამოვნო მოულოდნელობებს ნაკლებად უნდა ველოდოთ. ამის შესახებ ბაქრაძემ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინის გამარჯვების შეფასებისას აღნიშნა.
„ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს პუტინთან ურთიერთობის და რაღაც სასიამოვნო მოულოდნელობებს ნაკლებად უნდა ველოდოთ. მისი ოფიციალური დაბრუნება რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ნიშნავს მხოლოდ ერთს - ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უფრო მეტი ინტენსივობით საქართველოს ნატოში გაწევრიანებისა და ევროპასთან დაახლოების პროცესი", - განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ქართულმა მხარემ არ უნდა დაუშვას, რომ რუსული პოლიტიკური ინტერესები საქართველოში გატარდეს, თუნდაც შიდა ოპოზიციის დახმარებით.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოს ეკონომიკის განვითარება და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ საქართველო ყველა მომენტში იყოს უფრო წინ, ვიდრე რუსეთი, უფრო წინ თავისი რეფორმებით, თავისი დემოკრატიით და თავისი განვითარების და ეს არის გასაღაები ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც არსებობს და იარსებებს, დარწმუნებული ვარ პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში", - მიაჩნია დავით ბაქრაძეს.
რაც შეეხება რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებას, ბაქრაძის თქმით, გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ძალიან წინააღმდეგობრივი ინფორმაცია, მათ შორის ბევრი ინფორმაცია ვრცელდებოდა გაყალბებეთან დაკავშირებით.
„საბოლოო შეფასება შესაძლებელი იქნება, მხოლოდ მას შემდეგ რაც ცნობილი იქნება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნები. ჯერჯერობით არჩევნების პროცესის შეფასება ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება", - აცხადებს ბაქრაძე.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში 63.81%-ით იმარჯვებს. ამ დროისთვის დათვლილია საარჩევნო ბიულეტენების 99.07%. გენადი ზიუგანოვმა ხმების - 17,19%, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ - 6,23 %, მიხეილ პროხოროვმა - 7,78%, ხოლო სერგეი მირონოვმა 3,84% მიიღო. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 4 მარტს გაიმართა.