4 მარტს, 3 საათზე და 20 წუთზე რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსულმა დაახლოებით ექვსმა უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა ქართული პოლიციის საგუშაგოს მიმართულებით სოფელ განმუხურთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს ინფორმაციით, თავდასხმის დროს გამოყენებული იქნა ავტომატური იარაღი და "რპგ 7"-ის ტიპის ორი ყუმბარმტყორცნი. სროლამ დაახლოებით ათი წუთი გასტანა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. თავდამსხმელები მიიმალნენ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს აღნიშნულ ქმედებას და მოუწოდებს რუსეთის საოკუპაციო ძალას აღკვეთოს და თავი შეიკავოს შეიარაღებული პროვოკაციებისგან.