საქართველოს პრეზიდენტი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, საქართველოში აწყობილი, ქართული სქემებით შექმნილი პირველი რეაქტიული საარტილერიო დანადგარის გამოცდას დაესწრო. ქვეყნის პირველი პირი იქვე გაეცნო ადგილობრივი წარმოების ახალ ტექნიკას და მის შესაძლებლობებს. რეაქტიული სისტემის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების დემონსტრირებას პრეზიდენტთან ერთად თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ესწრებოდა. პრეზენტაციის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა სამხედრო და ტექნოლოგიურ წარმოებაში ქართველი სპეციალისტების დამსახურებასა და ადგილობრივი წარმოების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ჩვენ გვქონდა სინგაპურის და ისრაელის მაგალითები. ამ ქვეყნებმა თავიანთი სამხედრო წარმოება ნულიდან ააწყეს. მაშინ ყველა ერთად დავსხედით - ამ საკითხში ძალიან ინტენსიურად ჩაერთო ბაჩო ახალაია, სამხედრო ინჟინრები ვიპოვეთ, ჩვენ არსებული ინდუსტრიული ბაზა გამოვიყენეთ და, რაც მთავარია, ჩვენი ინტელექტუალური რესურსები. აღმოჩნდა, რომ ყველაფრის გაკეთება შეგვძლებია... ეს უკვე მაღალტექნოლოგიური ქართული წარმოებაა. რეალობა ის არის, რომ კიდევ უფრო მეტის შესაძლებლობა გვაქვს ინდუსტრიული წარმოების მხრივ. რამდენიმე ათასი ადამიანი საქართველოში ამ მიმართულებით უკვე არის დასაქმებული.
ახალი საარტილერიო დანადგარი შევქმენით და უახლოეს მომავალში ჭურვების გამოშვებასაც ვგეგმავთ. ჩვენებმა საფრენი აპარატები და მუხლუხოიანი ჯავშანტექნიკაც გამოუშვეს, რომელიც თავისი პარამეტრებით ძველ საბჭოთა ანალოგებს აღემატება. საამაყოა, რომ, ყველაფერი შეგვძლებია. ჩვენ ახლა ძალიან ბევრ საერთაშორისო მისიებთან და ორგანიზაციებთან ვიწყებთ თანამშრომლობას, ძალიან ბევრი ახალი პერსპექტივა გაჩნდა ჩვენი თავდაცვის ძალების განვითარებისა და აღჭურვის თვალსაზრისით, მაგრამ როგორი პერსპექტივაც არ უნდა გაჩნდეს, საკუთარზე უარი არასდროს არ უნდა ვთქვათ. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ჩვენი წარმოებული სამხედრო ტექნიკა იმ უცხოურ ანალოგებთან შედარებით, რომლებსაც ვყიდულობდით, ოთხჯერ უფრო იაფი გვიჯდება. განსკუთრებით კი, ის არის მნიშვნელოვანი, რომ წინა გამოშვებაზე უფრო ეფექტურია", -განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ, ამ მხრივ, ქვეყანას უკვე აქვს საექსპორტო პოტენციალი.
ზალპური ცეცხლსასროლი რეაქტიული სისტემის შექმნისას, მისმა ავტორებმა საერთაშორისო სამხედრო ინდუსტრიაში დაგროვილი გამოცდილება გაითვალისწინეს. ის თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში მყოფ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის "დელტას" ბაზაზე შეიქმნა.