რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ისრაელის კომპანიისგან "Aeronautics Defense Systems" უპილოტო მზვერავი თვითმფრინავების შეძენას გეგმავს. რუსეთის "ეფ-ეს-ბე" აღნიშნული შენაძენის გაკეთებას დაახლოებით სამი მილიონი აშშ დოლარის ფარგლები გეგმავს. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული თვითმფრინავები მათ ქვეყნის საზღვრების კონტროლისთვის სჭირდებათ.
"ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ რუს სამხედროებს ამ მიზნისთვის რუსული წარმოების ანალოგიური თვითმფრინავების გამოყენებაც შეეძლოთ", _ წერს გაზეთი "კომერსანტი".
მათი ინფორმაციით, რუსეთის "ეფ-ეს-ბე", სულ მცირე, ხუთი ამგვარი თვითმფრინავის ყიდვას აპირებს. ამგვარი თვითმფრინავის მოქმედების რადიუსი 50 კილომეტრია. მისი ფრენის დრო 2-3 საათს შეადგენს. ფრენის ზღვრული სიმაღლე 5,5 ათასი მეტრია, სიჩქარე _ 140 კმ/სთ-მდე. თვითმფრინავს უხმაურო ელექტრული ძრავა აქვს. მართვა ერთ ოპერატორს შეუძლია და მისი გადატანა ზურგჩანთითაა შესაძლებელი.
"Aeronautics"-ი _ ისრაელის უპილოტო ავიაციაში მნიშვნელობით მესამე მწარმოებელია "Israel Aerospace Industries"-ისა და "Elbit Systems"-ის შემდეგ. "კომერსანტი" ასევე აღნიშნავს, რომ სწორედ "Israel Aerospace Industries"-ისგან შეისყიდა რუსეთის თავდაცვის სამინიტრომ 12 უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი, საერთო თანხით 53 მილიონი აშშ დოლარი. თუმცა რუსი სამხედროები დიდი ხნის განმავლობაში უარს აცხადებდნენ, ამ მოლაპარაკებებზე კომენტარი გაეკეთებინათ.
"2008 წელს, უკვე საქართველოსთან ომის შემდეგ, რუსეთის "ეფ-ეს-ბემ" და თავდაცვის სამინიტრომ რუსული წარმოების უპილოტო მზვერავების გამოცდა მოაწყვეს და საბოლოოდ განაცხადეს, რომ არც ერთმა მათგანმა მათზე დაკისრებული ამოცანა ვერ შეასრულა. ერთ-ერთი მათგანი, გამოცდის დროს დაიმტვრა კიდეც", _ წერს "კომერსანტი".