ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ იმედოვნებს, ირლანდიის თავმჯდომარეობის პერიოდში ევროკავშირის საბჭოში ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებთან, მათ შორის უკრაინასთან, მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება მიღწეული.
„უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალურად გახსნა ადასტურებს, რომ გაფართოებისადმი ჩვენი ერთგულება ევროპის მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის საუკეთესო ინვესტიციაა. ჩვენ მოლაპარაკებების პირველი კლასტერი უკვე გავხსენით და გვსურს, რაც შეიძლება მალე გაიხსნას ყველა დანარჩენიც. ეს განახლებული იმპულსი უნდა შევინარჩუნოთ და ირლანდიის თავმჯდომარეობის პერიოდში ყველა კანდიდატ ქვეყანასთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიოთ“, - განაცხადა კოშტამ დუბლინში, ირლანდიის თავმჯდომარეობის გახსნის ცერემონიაზე.
ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 1 ივლისიდან 31 დეკემბრამდე იქნება. მანამდე ამ ფუნქციას კვიპროსი ასრულებდა, ხოლო შემდეგ თავმჯდომარეობას ლიეტუვა გადაიბარებს. ცერემონიას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრო.
კოშტამ აღნიშნა, რომ ირლანდიის თავმჯდომარეობის დევიზია - „ძალა ერთობაშია“.
„ახლა დადგა დრო, რომ ირლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაგროვილი გამოცდილება და სიბრძნე გამოიყენოს და ევროპას ამ რთული გეოპოლიტიკური გარდატეხის დაძლევაში დაეხმაროს. ღირებულებები, კონკურენტუნარიანობა და უსაფრთხოება თქვენი თავმჯდომარეობის სამი მთავარი საყრდენია. ეს ასევე ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტებია“, - თქვა მან.