სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ კრემლის მიერ ადვილად სამართავი კანდიდატები იღებენ მონაწილეობას. მისივე მტკიცებით, სამხრეთ ოსეთის არჩევნები კრემლის მიერ იგნორირებულია.
"არც ერთ ოპოზიციონეტი კანდიდატი არ არის დარეგისტრირებული კომისიაში. არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ის კანდიდატები იღებენ, რომლებიც კრემლის მიერ ადვილად იმართებიან", - განაცხადა სანაკოევმა.
მისი თქმით, ქაოსი, რომელიც ნოემბერში გამართული არჩევნების შემდეგ შეიქმნა ცხინვალის რეგიონში, კრემლს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად სჭირდებოდა.
"ფაქტი ერთია - რუსეთმა სასურველ მიზანს მიაღწია, ხოლო ოს ხალხს არჩევნების მიმართ ნდობა დაეკარგა და ადგილობრივები რუსული პოლიტიკის მიმართ ნეგატიურად არიან განწყობილნი", - აღნიშნა სანაკოევმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე წლის 25 მარტს უნდა გაიმართოს. მანამდე, გასული წლის 13 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების ე.წ. შედეგები ბათილად აღიარეს და ახალი ე.წ. არჩევნები დანიშნეს. 25 მარტის არჩევნებში გამარჯვებისთვის 4 კანდიდატი იბრძოლებს.