ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში "პრეზიდენტის" თანამდებობისათვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში მოქმედი ე.წ. ცესკო ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატების საინიციაროვო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვას დღეს ასრულებს.
ოსური მედიის ინფორმაციით, ცესკომ 20 საინიციატივო ჯგუფისა და ორი პოლიტიკური პარტიის მიერ წარმოდგენილი წინადადებები განიხილა. მათგან დარეგისტრირებულნი არიან: ე.წ. სახელმწიფო უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი ლეონიდ ტიბილოვი, ადამიანის უფლებების დაცვის ე.წ. რწმუნებული დავიდ სანაკოევი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ელჩი რუსეთის ფედერაციაში დიმიტრი მედოევი და კომპარტიის ლიდერი სტანისლავ კოჩიევი.
სულ თავდაპირველად ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობაზე 22 ადამიანი აცხადებდა პრეტენზიას და აქედან ე.წ. ცესკომ მხოლოდ 4 დაარეგისტრირა. 3 პრეტენდენტმა თავად განაცხადა უარი ე.წ. საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობაზე - ე.წ. ინფორმაციისა და მასობრივი კომუნიკაციების ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი კაბისოვმა, ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ იგორ ალბოროვმა და ე.წ. პრეზიდენტის ყოფილმა წარმომადგენელმა პარლამენტში ტარზან კოკოითმა.
15 პრეტენდენტს დარეგისტრირებაზე უარი თავად ე.წ. ცესკომ უთხრა. მათგან რამდენიმემ კი ლიგვისტური გამოცდა ვერ ჩააბარა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე წლის 25 მარტს უნდა გაიმართოს. მანამდე, გასული წლის 13 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების ე.წ. შედეგები ბათილად აღიარეს და ახალი ე.წ. არჩევნები დანიშნეს.