„ქართული დასის" ლიდერმა, საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვი" წევრმა ჯონდი ბაღათურიამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კორუფციაში დასდო ბრალი.
ბაღათურუიამ დღეს, პარლამენტში გამართულ დებატებზე პრეზიდენტის ქონებრივი დეკლარაციები წარმოადგინა და აღნიშნა, რომ მაში, როდესაც სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა ქონება საკმაოდ მოკრძალებული ჰქონდა, კერძოდ კი 95 000 ლარად შეფასებული ბინა მეუღლის სახელზე, 9 500 ევრო ბანკ „სოსიეტე ჟენერალში" და 3 500 ევრო „თი-ბი-სი" ბანკში მეუღლის სახელზე, რუსული შავი ვილისი.
მისივე თქმით, პრეზიდენტის მამა ერთი ჩვეულებრივი კვალიფიციური ექიმი იყო, დედა ჩვეულებრივი მეცნიერ მუშაკი, ძმებსაც არანაირ ბიზნესს ან სხვა ტიპის შემოსავალს არ ჰქოდათ.
„დღეს თქვენ მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი ხართ. თქვენ ფლობთ და აკონტროლებთ ნავთობის და ოქროს საბადოებს, საქართველოს თითქმის ყელა წიაღისეულ სიმდიდრეებს. მთლიანად აკონტროლებთ საწვავისა და სარეკლამო ბიზნესს, ფლობთ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს, რომელიც თქვენს თანაკლასელზე გაქვთ გაფორმებული. თქვენი მამა არის საქართველოს ყველა ბანლეოლოგიური კურორტების მფლობელი, ხოლო დედა ფლობს უმსხვილესი ბიზნესებს უმაღლესი განათლების სფეროში მათ შორის მისი საკუთრებაა: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი 15 827 კვ.მ ფართი, შპს „საუნივერსიტეტო ავეჯს", მასვე ეკუთვნის გეპეის მე-3 კორპუსის მე-2 სართულზე განლაგებული უზარმაზარი კაფე „ხადილი", 14 % „ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის", „შავი ზღვის უნივერსიტეტი", რომელსაც პრეზიდენტის განკარგულებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა სახელმწიფოს კუთვნილი 101 221 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო მიწა (განკარგულება #127; 22.03.2007წ) და სხვა", - მიმართა სააკაშვილს ბაღათურიამ.
მისივე თქმით, მთელი ეს ქონება მოპოვებულია პრეზიდენტის განკარგულებებით, რომლის მიხედვითაც სახელმწოფო ქონება პირდაპირ გადავიდა პრეზიდენტის ოჯახის წევრთა საკუთრებაში.
„მიმდინარეობს მონოპოლიზაცია ბიზნესის უმაღლესი განათლების სფეროში და იქმნება ორი მონოპოლიური გაერთიანება ერთი ბენდუქიძის და ერთი დედათქვენის ხელმძღვანელობით. ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს, რომ მაღალი ფასებით უმაღლეს სასწავლებლებში პირადად თქვენ მდიდრდებით. თქვენი და თქვენი ოჯახის სწრაფი გამდიდრების პირდაპირ პროპორციულად ასევე სწრაფად გაღატაკდა სახელმწიფო და ხალხი", - აღნიშანა ბაღათურიამ და აქვე ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები მოიყვანა, რომელთა მიხედვითაც, ქვეყანაში 900 000 კაცი რეგისტრირებული სიღატაკის პროგრამაში, კიდევ 600 000 ითხოვს ამ სტატუსს.