შიდა ქართლის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებული ლადო ვარძელაშვილი ენერგეტიკისა და ჯანდაცვის მინისტრებს თხოვნით მიმართავს.
ვარძელაშვილი ალექსანდრე ხეთაგურისა და ალექსანდრე კვიტაშვილისგან, შესაბამისად, რეგიონის დროულ და სრულ გაზიფიცირებასა და იმ 2 ათასი ოჯახის სხვადასხვა სოციალურ პროექტებში ჩართვას ითხოვს, რომელმაც საარსებო მინიმუმი დაკარგა.
აღსანიშნავია, რომ ვარძელაშვილს მთავრობის დღევანდელ, გასვლით სხდომაზევე უპასუხა ენერგეტიკისა და ჯანდაცვის მინისტრებმა. როგორც ალექსანდრე ხეთაგურმა ჟურნალისტებს განუცხადა, შოდა ქართლის რეგიონის სოფლებს პრიორიტეტი მიენიჭება.
"ტექნიკურად არსებობს იმის საშუალება, რომ რეგიონის სრული გაზიფიცირება მოხდეს. პროგრამა "გაზი ყველა სოფელს" სწორედ ამას ემსახურება. სავარაუდოდ, მომავალი წლის ზამთრისთვის ყველა სოფელი იქნება გაზიფიცირებული", - განაცხადა ხეთაგურმა.
რაც შეეხება ალექსანდრე კვიტაშვილს, მისი განმრატებით, ვარძელაშვილმა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური დახმარება და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მათი დაზღვევა ითხოვა, რაც დაკმაყოფილებული იქნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 2010 წლის პირველი სხდომა დღეს გორში გამართა.