პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი წლიურ ანგარიშში ყურადღებას ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე გაამახვილებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი განვლილ წელს შეაჯამებს, ასევე ისაუბრებს სამომავლო გეგემებზე, ამოცანებსა და პრიორიტეტებზე.
"უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ პრეზიდენტი წლიური ანგარიშის დროს ახალ ინიციატივებს გააჟრებს და დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება. ასევე, ამ მიმართულებით ძირითადი საუბრის თემები იქნება სოფლის მეურნება, ჯანდაცვის სფერო, უსაფრთხოების საკითხები, ქვეყანაში ეკონომიკიური განვითარების კიდევ უფრო გაღმავება, სამუშაო ადგილების შექმნა", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
მისი ინფორმაციით, სააკაშვილი კონკრეტულ გეგმებს გააჟღერებს, თუ როგორ და რა სფეროებში უნდა მოხდეს სამუშაო ადგილების შექმნა.
როგორც ცნობილია, 28 თებერვალს, 20:00 საათზე, პარლამენტში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წლიური ანგარიშით წარდგება, რომლის შემდეგაც პოლიტიკური დებატები გაიმართება. რეგლამენტის 138-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისათვის უმრავლესობასა და უმცირესობას ეძლევა თითოეულს 45 წუთი, ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) - თითოეულს 15 წუთი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს - 10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, - 5 წუთი. ფრაქცია, უმრავლესობა და უმცირესობა მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას. პოლიტიკურ დებატებში გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია.