საქართველოს საკალათბურთო სუპელიგის მეორე წრის მეოთხე ტურმა გათამაშების ცხრილში ვერაფერი შეცვალა. პირველი სამეულის წარმომადგენლებმა - „არმიამ", „ოლიმპმა" და „ქუთაისმა" გამარჯვებები მოიპოვეს, ამასთან „არმიამ" და „ოლიმპმა" ლიდერთა სამეულში მოხვედრის კანდიდატები „შსს-აკადემია" და „სოხუმი" დამაჯერებელი ანგარიშებით დაამარცხეს და ამით კიდევ უფრო განიმტკიცეს პოზიციები, „ქუთაისმა" კი ცხრილის ქვედა ნახევრის მკვიდრ თსუ-ს მოუგო.
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მოსალოდნელი ბრძოლა არ შედგა. დაუმარცხებელმა „არმიამ" ადრეულად მოიპოვა გადამწყვეტი უპირატესობა „შსს-აკადემიასთან", პირველ ნახევარში 16 ქულით დაწინაურდა, მეორეშიც გაზარდა უპირატესობა და საბოლოოდ 90:65 იმარჯვა.
„არმიაში" 20 ქულით და 11 მოხსნით საუკეთესო იყო უილიამ ტომასი, სხვა ამერიკელებმა ჯერემი რიჩარდსონმა და ბენჯამინ ვიდსაიდმა კი შესაბამისად 19 და 18 ქულა შესძინეს ჩემპიონებს. „შსს-აკადემიაში" გამოირჩნენ ტრეისი სმიტი (16 ქულა, 10 მოხსნა) და ალენ ტრეპალოვაცი (14).
ასევე იოლად იმარჯვა „ოლიმპმა", რომელმაც „სოხუმს" პირველი მეოთხედი 8 ქულით მოუგო, მეორეს შემდეგ 14 ქულით დაწინაურდა, მესამე მეოთხედის ბოლოს კი სხვაობამ 26 ქულა შეადგინა და „სოხუმმა" ბოლო პერიოდშიღა შეძლო შვიდი ქულის გაქვითვა. საბოლოოდ „ოლიმპმა" 84:65 იმარჯვა.
გამარჯვებულთა რიგებში გამოირჩნენ ივან ტოდოროვიჩი (28 ქულა, 9 მოხსნა) და ივო ჰოგერი (15 ქულა, 17 მოხსნა), ხოლო დამარცხებულებში ლევან ფაცაცია (24) და ლაშა ფარღალავა (19).
ჩემპიონატის მეორე წრეში რამდენადმე დასუსტებულ თსუ-სთან იოლ გამარჯვებას მიაღწია მესამე ადგილზე მყოფმა „ქუთაისმა" - 111:87. „ქუთაისს" 20 ქულა შესძინა რევაზ დიდიამ, გიორგი ბარბაქაძემ 18 ქულა გააკეთა, ხოლო დავით ბარბაქაძემ, რიჩარდ მათიაშვილმა და გიორგი კოღუაშვილმა 15-15 ქულა გააკეთეს. დამარცხებულთა რიგებში გამოირჩნენ ვასილ ბერუაშვილი (18 ქულა) და მიხეილ ჩიტაშვილი (14 ქულა).
ჩემპიონატის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა „რსუ-ბათუმმა" მე-14 თამაშში მეორე გამარჯვება მოიპოვა, თბილისში 66:62 დაამარცხა სტუ. ბათუმელებს ულიდერეს კაშა კეშელავამ (17 ქულა, 10 მოხსნა) და ირაკლი მიქელაძემ (16 ქულა), ხოლო სტუ-ს 21 ქულა მოუტანა ზვიად ანთაძემ.
ცხრილის ქვედა ნახევარიდან დაძრული „დინამო" ლიდერებთან ჩამორჩენას მეთოდურად ამცირებს. ამ ჯერზე „დინამომ" სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი 89:75 დაამარცხა და მოგება წაგებათა ბალანსი გაათანაბრა.
„დინამოს" 23 ქულა და 16 მოხსნა შესძინა კინ კარტერმა, ხოლო ბექა წივწივაძემ 23 ქულა, 11 მოხსნა და 8 პასი მოაგროვა და 2 პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე. თსსუ-ში 14 ქულა მოუგროვდა გიორგი ფერიაშვილს.