"აფხაზეთის მეთაურზე თავდასხმა შესაძლოა მაფიოზურ-კრიმინალურ სტრუქტურებს განეხორციელებინათ", _ ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა მომხდარი თავდასხმის კომენტირებისას აფხაზუ მედიასთან საუბარში თავად გააკეთა.
კითხვაზე პასუხის გაცემისას - ვის შეეძლო აფხაზეთის "პრეზიდენტისათვის" ესროლა ანქვაბმა უპასუხა: "იმაზე რომ ვინსჯელოთ თუ კონკრეტულად ვინ ისროლა, მაშინ ასეთი ადამიანები აფხაზეთშიც მოიძებნებიან, ასევე ისინი შესაძლოა მოიწვიეს ქვეყნის ფარგლებს გარედანაც, იმიტომ რომ დანაშაულებრივ სამყაროს შორის კავშირები მყარია", _ განაცხადა ანქვაბმა.
ანქვაბმა ასევე განაცხადა, რომ მსგავსი შინაარსის ტერატქები და დანაშაულებები კარგად დაფინანსებულია. "ასეთი ფული უბრალო ხალხს გლეხებს, მუშებს, საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს არ აქვთ. ასეთი ფული შეიძლება ჰქონდეს შეძლებულ ადამიანებსა და დაჯგუფებებს, მაფიოზურ და კრიმინალურ სტრუქტურებს".
მისივე თქმით, იგი მზად არის მსგავსი პროცესების განვითარების თავიდან ასაცილებლად ხისტი ზომები გაატაროს და ამას სიტიუაციის მომავალი გაუარესების თავიდან ასაცილებლად აკეთებს. მანვე განაცხადა, რომ ის, როგორც "ქვეყნის ხელმძღვანელი, გატეხილი არ არის, თუმცა ძალიან დარდობს პირადი დაცვის წევრის დაღუპვის გამო".
"ვდარდობ ასევე პირადი დაცვის ორი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომლებიც ამჟამად უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფებიან", _ აცხადებს ანქვაბი და ხაზგასმით აღნიშნავს - "არავითარი ქაოსი აფხაზეთში არ იქნება!".
აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე ანქვაბის გარემოცვაში დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია ე.წ. პრეზიდენტზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ და სწორედ ამიტომაც თავდასხმამდე ორი კვირით ადრე მისი პირადი დაცვა გააძლიერეს.
"იმის შესახებ, რომ პრეზიდენტზე თავდასხმა იგეგმებოდა ჩვენ ინფორმაცია გვქონდა და ამიტომაც გავაძლიერეთ მისი დაცვა ორი კვირით ადრე. ყველაფერი ამის უკან ბიზნეს-კრიმინალი დგას", _ განაცხადა აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდგივანმა სტანისლავ ლაკობამ.
შეგახსნებთ, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე თავდასხმა 22 თებერვალს დილით განხორციელდა.