აფხაზ სეპარატისტთა ლიდერ ალექსანდრე ანქვაბის დაცვის დაჭრილი წევრის თენგიზ პანდარიას მდგომარეობა უკიდურესად მძიმე რჩება. მას სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია დღეს ჩაუტარდა. განცხადება ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ მარშანიამ გააკეთა.
მან განაცხადა, რომ აფხაზ ექიმებს რუსი კოლეგების დახმარება არ სჭირდებათ. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ აფხაზეთს ალექსანდრე ანქვაბზე თადასხმის შემდეგ დახმარება შესთავაზა. "აფხაზმა ექიმებმა მათ მადლობა გადაუხადეს და შემოთავაზებაზე უარი უთხრეს", _ აცხადებს მარშანია.
მისი ინფორმაციით, პანდარია ამჟამად სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს თავს დაესხნენ. უცნობებმა მისი მანქანა გუდაუთის რაიონში ავტომატური იარაღით დაცხრილეს. სეპარატისტთა ლიდერი არ დაშავებულა. გარდაცვლილია მისი დაცვის ერთი წევრი, სამი კი მძიმედ დაჭრილია.