სეპარატისტული აფხაზეთის ძალოვანმა სტრუქტურებმა , რომლებიც აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე თავდამსხმელებს ეძებენ აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვრები - რუსეთთან და საქართველოსთან ჩაკეტეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია აფხაზეთს ე.წ. სამართალდამცავ სტრუქტურებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე გატარების რეჟიმი უკიდურესად გამკაცრებულია. საქართველოსთან საზღვარი კი მთლიანად ჩაკეტილია", _ აცხადებს წყარო.
ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე ამოქმედებულია გეგმა "პერეხვატი" და ანქვაბზე თავდამსხმელების ძებნა აფხაზეთის მთიანეთში მიმდინარეობს. ძებნაში ჩართულია ვერტმფრენები.
აფხაზეთის ე.წ. გენპროკურატურამ ალექსანდრე ანქვაბზე თავდახმასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს, ალექსანდრე ანქვაბს თავს დაესხნენ. უცნობებმა პრეზიდენტის მანქანა გუდაუთის რაიონში ავტომატური იარაღით დაცხრილეს. ანქვაბი სუმხუმში მიემართებოდა. ანქვაბი არ დაშავებულა. გარდაცვლილია მისი დაცვის ერთი წევრი, სამი კი მძიმედ დაჭრილია.
სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ ამ დროისათვის ანქვაბი სოხუმში სამუშაო ადგილზე იმყოფება. მისივე თქმით, პრეზიდენტის კორტეჟის გზაზე რამდენიმე აფეთქება მოხდა.
ანქვაბზე ეს უკვე მეხუთე თავდასხმაა. თავდასხმები 2005, 2007 და 2010 წლებშიც განხორციელდა. 2007 წლის ინციდენტისას, როცა მის ავტომობილს ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს, ანქვაბმა მცირე კონტუზია მიიღო. 2010 წელს მის სახლს ასევე ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს, რის შედეგადაც ანქვაბი დაიჭრა.