დღეს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში "მშობლიური ენის" დღეს აღნიშნავენ. ამასთან დაკავშირებით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საზეიმო ღონისძიებები იმართება. "ამაზე დიდი დღესასწაული ჩვენთვის არ არსებობს, ვიდრე ჩვენი მშობლიური ოსური ენის დღე. ჩვენი ენა მდიდარია და იგი მთელი თავისი სიმდიდრით უნდა დავიცვათ", _ აცხადებს ოსი პოეტი ნუგზარ ბაკაევი.
ამავდროულად, ცხინვალის რეგიონში მოქმედი ე.წ. ცესკო ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დღეს ლინგვისტური გამოცდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის ოთხმა კანდიდატმა ვერ ჩააბარა და "ჩათვლა" მხოლოდ ორმა მიიღო. სულ გამოცდას რვა კანდიდატი აბარებდა.
გამოცდა ექვს საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. მისი პირველი ნაწილი კარნახი იყო, მეორე ნაწილში კი, რომელიც გაცილებით დიდხანს მიმდინარეობდა, ე.წ. კანდიდატები მშობლიურ ენაზე სიტყვით გამოდიოდნენ.