ცხინვალის რეგიონში მოქმედმა ე.წ. პარლამენტმა ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ვადიმ ბროვცეს, პასუხი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ე.წ. პარლამენტი ე.წ. სამხრეთ ოსეთის "გენერალური პროკურორის", ტაიმურაზ ხუგაევის გათავისუფლების საკითხს მაისზე ადრე ვერ განიხილავს.
ე.წ. პარლამენტმა ბროვცევს ეს პასუხი მას შემდეგ მისწერა, რაც ამ უკანასკნელმა უკვე მეორედ კატეგორიულად მოითხოვა ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენპროკურორის გათავისუფლება.
"დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი წინადადების განხილვას პარლამენტარები პარლამენტის რეგლამენტის თანახმად აპირებენ", _ იუწყება ოსური მხარე. მათი ინფორმაციით, კანონმდებლობის თანახმად, ამ წინადადების განხილვა მაისზე ადრე ვერაფრით ხერხდება.
"ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მეორეჯერ წარმოდგენილი წინადადება სამხრეთ ოსეთის გენპროკურორის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც პირველად პარლამენტმა უკვე უარყო, შესაძლებელია განხილული იქნეს არა უადრეს ექვსი თვის გასვლის შემდეგ პირველი წარდგენიდან, ანუ არა უადრეს 2012 წლის მაისისა", _ განმარტავს ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას ე.წ. საკანონმდებლო კომიტეტის თავმჯდომარე ამირან დიაკონოვი.
შეგახსენებთ, რომ პირველად ხუგაევის გადაყენების შესახებ წინადადებით ე.წ.სამხრეთ ოსეთის პარლამენტს ოს სეპარტისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ 2011 წლის 10 დეკემბერს მიმართა. სწორედ ხუგაევის გადაყენება იყო მასა და ოპოზიციის ლიდერ ალა ჯიოევას შორის ხელმოწრილი შეთანხმების ერთ-ერთი შესასრულებელი პუნქტი. 14 დეკემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პარლამენტმა" კოკოითის წინადადების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა.