სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა სოხუმში საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს ჯუდიტ გოფსს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ელჩს თან ახლავდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველი კავკასიის კონფლიტებთან მიმართებაში კლერ დელასარი და საელჩოს მრჩეველი ჯეიმს გალაჰერი.
"ჩვენ აფხაზეთში განათლების, კულტურისა და ინგლისური ენის სწავლების სფეროში პროექტების განხორციელების შესაძლებლობის განსახილველად ჩამოვედით. ეს გლობალური ენაა, რომელიც მრავალ შესაძლებლობას ხსნის მათთვის ვინც ეს ენა იცის.
ამასთან დაკავშირებით, ჩვენი სპეციალისტები მიმდინარე წელს აფხაზეთში ჩამოსვლას გეგმავენ, იმისათვის რათა ასწავლონ ინგლისური ენა და ასევე გააცნონ თქვენს პედაგოგებს ახალი თანამედროვე მეთოდიკა", _ განაცხადა ელჩმა აფხაზ ჟურნალისტებთან საუბრისას.
თავის მხრივ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩირკბამ ასევე განაცხადა: "ჩვენ ევროკავშირისა და აფხაზეთის ურთიერთქმედების საკითხები განვიხილეთ, ვისაუბრეთ ასევე საქართველოსთან კონფლიქტის ასპექტებზე.
მიმაჩნია, რომ ჩვენი აზრითაც არ შეიძლება აფხაზური საზოგადოების იზოლირება ევროპისგან. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ პასპორტებისა და სამგზავრო დოკუმენტების საკითხი. წინ წამოვწიეთ საკითხი ბრიტანული ვიზების გაცემისა აფხაზეთის საზღვარგარეთის პასპორტებისათვის", _ აცხადებს ჩირიკბა და აღნიშმნავს, რომ სეპარატისტები მალე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შესაბამისი მიმართვის გაგზავნას აპირებენ. "იმედი გვაქვს, რომ იქ ჩვენს მიმართვას განიხილავენ", _ აცხადებს ე.წ. მინისტრი.