ხვალ, 21 თებერვალს, სოფელ დვანში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა და მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა დაუდასტურა.
ხვალ, დვანში გამართულ შეხვედრაზე, სავარაუდოდ გაგრძელდება მსჯელობა ქართულ და ოსურ მხარეებს შორის ორივე მხარეს დაკავებულების ურთიერთგაცვლის შესაცებ. ამ პროცესის წარმატებით გაგრძელების იმედი ე.წ. სამხრეთ ოსეთში რამდენიმე დღის წინ მყოფმა ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებმა გამოთქვეს.
ამას გარდა, ოსური მხარე შეხვედრაზე დააყენებს დაკავებულების ვალიევის, ზასეევისა და კაბისოვისათვის პატიმრობის ვადის შემცირების საკითხსაც. ოს სეპარატისტთა განცხადებით, ისინი "შეთითხნილი ბრალდებებით" საქართველოში იხდიან სასჯელს და მათ სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის წინა შეხვედრა დვანში 24 იანვარს გაიმართა.