ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. წინასაარჩევნო კამპანიას ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე იგორ ალბოროვი გამოეთიშა. მან უარი განაცხადა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე, რომლებიც მიმდინარე წლის 25 მარტს უნდა გაიმართოს.
დღეს 20 თებერვარს ალბოროვმა მიმართა ე.წ. ცესკოს და შესაბამისი განცხადება წარადგინა. თავად ალბოროვი აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იგი "რესპუბლიკაში" შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების გამო ამბობს.
"ჩემი უარი უპირეველეს ყოვლისა განპირობებულია იმის გაცნობიერებით, რომ დღეს ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება კონსოლიდირება, რომელიც საშუალებას მოგვცემს ღირსეულ კანდიდატურას დავუჭიროთ მხარი", _ აცხადებს ალბოროვი.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ე.წ. წინასაარჩევნო მარათონს ალბოროვის გარდა სხვა და სხვა მიზეზით უკვე გამოეთიშნენ ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი იური ძიცოითი, ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე როინ კოზაევი და ე.წ. ინფორმაციისა და მასობრივი კომუნიკაციების ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კაბისოვი.