დღეს,19 თებერვალს, 18:00 საათზე, ამერიკულ ცენტრთან არსებული ,,თავისუფალი შეხვედრების კლუბი" შეხვედრას უწყობს ცნობილ ქართველ კომპოზიტორს ვაჟა აზარაშვილს.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" "ლანგეითის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთი ხოსიტაშვილმა განუცხადა, "საღამოზე ცენტრის ინიციატივით არტ დიზაინერ ალიონა ანტონიუკის მიერ მოხდება კომპოზიტორის ხელის მტევნის დეკორატიული სკულპტურული ასლის დამზადება, რაც შემდეგ მასვე გადაეცემა საჩუქრად ,,ლანგეითის" სახელით. ხოლო, კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის მეუღლე მანანა დანგაძე წაიკითხავს საკუთარ ლექსებს მისსავე კრებულიდან ,,სევდის ანარეკლი". კრებულში შესულ ერთ-ერთ ლექსზე ვაჟა აზარაშვილის მიერ დაწერილ სიმღერას კომპოზიტორის ქალიშვილი, მუსიკოსი ნათია აზარაშვილი შეასრულებს."
საღამოზე ნაჩვენები იქნება მისი პოპულარული სიმღერების ვიდეო-კლიპები, კომპოზიტორი მაყურებელს გააცნობს მის ახალ წიგნს - ,,უკან მოხედვის არ მეშინია" და კომპაქტ-დისკს, გაიხსენებს სიმღერების შექმნასთან დაკავშირებულ უცნაურ ისტორიებსა და ამბებს.
საქართველოს სახალხო არტისტი, კომპოზიტორთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე (1997-2008წწ.) ღირსების ორდენის კავალერი, ,,ქართული კულტურის ამაგდარი" (2009წ.) ვაჟა აზარაშვილი არის 250- ზე მეტი სიმღერის, 7 ოპერეტის, 3 სიმფონიის, კამერული სიმფონიებისა და სხვა მუსიკალური ნაწარმოებების ავტორი.