"ევროვიზიაზე" ქართველ გოგონათა როკჯგუფ "Vanilla Cage"-ზე მუსიკოსი დავით ევგენიძე დიდ იმედებს ამყარებს. ჯგუფის პროდიუსერი, საპრომოუტერო კომპანია "ლოკომოტივ პრომოუშენი" და კო-პროდიუსერი, მუსიკოსთან ერთად აცხადებენ, რომ Vanilla Cage სრულიად აკმაყოფილებს როკბენდის იმ სტანდარტებს, რაც დასავლურ მუსიკალურ ინდუსტრიაშია დამკვიდრებული.
ფინალურ შოუზე მოსახვედრად, სხვა ქართველ მონაწილეებთან ერთად, ბედს გოგონებისგან დაკომპლექტებული როკჯგუფი, Vanilla Cage ცდის. ბენდი თანამედროვე ალტერნატიულ როკს უკრავს.
ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, რომ მათ პრომოუშენში ჩართულია სტივ უელტმანი, როკმუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდიუსერი მსოფლიოში. სტივ უელტმანი სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა ლედ ზეპელინთან, პინკ ფლოიდთან, ოზი ოზბორნთან და სხვა. უელტმანისა და "ლოკომოტივ პრომოუშენის" ძალისხმევით კი სულ მალე ჯგუფის წევრი გოგონები მუსიკალური ტექნიკის ბრენდ Marshall-ის ოფიციალური სახეები გახდებიან ამიერკავკასიაში.
"ევროვიზია 2012"-ის ქართული ფინალი გაიმართება 19 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, სადაც Vanilla Cage, ტრადიციულად, ერთი სიმღერით წარდგება.