საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში ზურაბ კვარაცხელიას უნიკალური გამოფენა, სახელწოდებით "ქართული სამკაული", დღეს, 18 თებერვალს, 16:00 საათზე გაიხსნება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ხელოვნების სასახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, თამთა ჩალაბაშვილმა განუცხადა, ღონისძიება 11 თებერვალს იყო დაგეგმილი, თუმცა საქართველოში არსებული მძიმე კლიმატური პირობების გამო გადაიდო.
მუზეუმში იუველირის 25 ნამუშევარი იქნება ექსპონირებული, ყველა ნიმუში უნიკალურია, რადგან ისინი რენესანსის პერიოდის ევროპულ სამკაულთან ავლენს მსგავსებას, თუმცა მხატვრის ინდივიდუალურ ხელწერასაც ატარებს.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი ქართველი იუველირი 1993-2008 წლებში ხელმძღვანელობდა სანკტ- პეტერბურგში ერმიტაჟის სარესტავრაციო ცენტრს, იყო იმ მხატვრების ჯგუფში, რომლებმაც 1973 წელს ჰოლანდიის დედოფალს საჩუქრად დიადემა და კოლიე დაუმზადეს. მისი ნამუშევრები ერთ ეგზემპლარად მზადდება და უნიკალურია, იუველირული ხელოვნების ნიმუშების დასამზადებლად იყენებს ისეთ ძვირფას ქვებს, როგორებიცაა ბრილიანტი, ძოწი, ზურმუხტი, ტოპაზი. 1967 წლიდან 1976 წლამდე მისი ნამუშევრები 20-ზე მეტ საიუველირო გამოფენაზე წარმოადგინეს.
ხელოვნების სასახლეში გამოფენა თვის ბოლომდე გაგრძელდება, დახურვის დღეს კი ზაურ კვარაცხელია ერთ ნამუშევარს, რომელსაც საგანგებოდ ამზადებს მუზეუმს საჩუქრად გადასცემს.