ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალა ჯიოევამ პოლიტიკაში დარჩენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ პორტალი "ეხო კავკაზა" ავრცელებს.
"რა თქმა უნდა, კარგია სადმე პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა და დარჩენილი ცხოვრების ცივილიზებულ ქვეყანაში გალევა, მაგრამ ეს ჩემი წესები არ არის. არ შემიძლია ვუღალატო ადამიანების უდიდეს არმიას, რომლებმაც ჩემი ირწმუნეს და გამომყვნენ. ამიტომაც ძველ პოზიციაზე ვრჩები და ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, იმ მიზნისკენ ვივლი, რომელიც დავისახე", _ აცხადებს ალა ჯიოევა.
მისი თქმით, ის ადამიანია და ამ განსაზღვრების შესაბამისად უნდა მოიქცეს.
"მე ადამიანი ვარ და ამ განსაზღვრების შესაბამისად უნდა მოვიქცე. ასეთია ჩემი აზრი დღეს. თუმცა არ ვიცი, როგორი იქნება ჩემი ცხოვრება ხვალ. ჩემი პალატის კართან მორიგეობს ავტომატიანი ხალხი. აქ არავის უშვებენ", _ აცხადებს ჯიოევა და აღნიშნავს, რომ მასთან ვერც ერთმა უფლებების დამცველმა და ვერც ერთმა კორესპოდენტმა შესვლა ვერ შეძლო და ვერ შეძლო ენახა იმ დარბევის კვალი, რომელიც ჰქონდა.
"კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც კანონებსა და თავისუფლებებს არღვევს ის, ვინც ისინი უნდა დაიცვას. არასოდეს ცხოვრებაში არ ვიტყვი იმას, რასაც ვერ დავადასტურებ 100 პროცენტით. მე არ შემიძლია ვთქვა, ჩამარტყეს თუ არა თავში ავტომატის კონდახი, იმიტომ, რომ ოთხი თუ ხუთი ძლიერი მამარაცი სხვადასხვა მხარეს მექაჩებოდა. შემდეგ ხელი გამიშვეს და მე მთელი ჩემი არცთუ ისე მცირე წონით დაბლა დავეცი. რითი მირტყამდნენ იქ, არ ვიცი, მას შემდეგ, რაც გონება დავკარგე", _ ჰყვება ჯიოევა და აცხადებს რომ დალურჯებები მის სხეულზე ნახა საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, მაგრამ საქმე ისაა, რომ მისი ძმა გენერალური პროკურორის მოადგილე ელდარ კოკოევია.
"ეს კი სწორედ ის ოდიოზური ფიგურაა, რომელმაც ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეთითხნა და რომლის გადადგომასაც მე მოვითხოვდი. და რაღა თქმა უნდა, მან თქვა, რომ არც არაფერი ყოფილა", _ აცხადებს ჯიოევა.
ოპოზიციის ლიდერი თავის ე.წ. ინაუგურაციაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ "ჯერჯერობით იგი ინაუგურაციაზე არ საუბრობს", გამოჯანმრთელდება და განცხადებას შემდეგ გააკეთებს.
"ვამბობ მხოლოდ იმას, რომ კონსტიტუციური უფლებებისთვის ვიბრძვი და ამ ბრძოლას გავაგრძელებ", _ აცხადებს ჯიოევა და დასძნეს, რომ 25 მარტს ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში არალეგიტიმური იქნება.