"სამხრეთ ოსეთის სამი მოქალაქე - ვალიევი, ზასეევი და კაბისოვი საქართველოს ციხეში შეთითხნილი ბრალდებებით იხდიან სასჯელს და მათ სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი", _ განცხადება ამის შესახებ ცხინვალში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას ე.წ. პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ოს სეპარატისტთა ლიდერის რწმუნებულმა ბორის ჩოჩიევმა გააკეთა.
ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ფილიპ ლეფორი (ევროკავშირი), ანტი ტურუნენი (გაერო) და პადრიგ მერფი (ეუთო) ცხინვალის რეგიონში დღეს ჩავიდნენ.
"ეს მოქალაქეები 2003 წელს საქართველოს სპეცსამსახურებმა მოიტაცეს. დღეს ჩვენ მივმართეთ ეუთოს წარმომადგენელს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე დვანში ჩვენი წამომადგენლები ამ დაკავებულებისათვის სასჯელის შემსუბუქების საკითხს მაინც დააყენებენ", _ განაცხადა ბორის ჩოჩიევმა.