დღეს,17 თებერვალს, 15:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" განახლებული საფეხბურთო კლუბის, "დილას" ოფიციალური წარდგენა გაიმართება.
კლუბმა ზამთრის შესვენების დროს 18 ახალი ფეხბურთელი დაიმატა და, ფაქტობრივად, ახალი შემადგენლობით გააგრძელებს ასპარეზობას. კლუბში რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერიც განხორციელდა. "დილა" თბილისის "დინამოს," ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგის," ზესტაფონის "ზესტაფონის," ნალჩიკის "ანჟის," ცხინვალის "სპარტაკის," ფოთის "კოლხეთის," ზაგრების "დინამოს," რუსთავის "ოლიმპის," ზუგდიდის საფეხბურთო სკოლის და რიგის "სკონტოს" ქართველი და ლეგიონერი ფეხბურთელებით გაძლიერდა. "დილამ" ახალი სამწვრთნელო შტაბით, რომელსაც ცნობილი ქართველი მწვრთნელი - თემურ მახარაძე ხელმძღვანელობს, შეკრება თურქეთის კურორტ ანტალიაში გაიარა და რამდენიმე წარმატებული საკონტროლო შეხვედრაც ჩაატარა.
"შერატონ მეტეხი პალასში" 18 ახალწვეულ ფეხბურთელს ნომრიანი მაისურები გადაეცემა. მთავარი მწვრთნელი და კლუბის ხელმძღვანელობა სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ. "დილა" უმაღლეს ლიგაში წელს დაბრუნდა და ამჟამად საქართველოს თასის გათამაშების ერთ-ერთი ნახევარფინალისტია. "დილას" პროგრამა-მაქსიმუმი მიმდინარე სეზონში ევროპული ტურნირების შესარჩევ ეტაპზე ასპარეზობაა, რისი შანსიც განახლებულ გუნდს რეალურად აქვს. სულ რამდენიმე თვეა, რაც შიდა ქართლის ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბის პატრონაჟი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ითავა. შსს-ის მხარდაჭერით შემადგენლობის გადახალისების გარდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ცვლილებებიც მიმდინარეობს. მთლიანად იცვლება და, ფაქტობრივად, ახლიდან შენდება თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი, ასევე, ეწყობა დამატებით კიდევ ერთი ხელოვნურსაფარიანი სტადიონი.
პრეზენტაციის ბოლოს ფეხბურთელებისთვის, ქომაგებისთვის და ჟურნალისტებისთვის გუნდის ახალი ლოგოს, დროშის, ვებგვერდისა და ჰიმნის პრეზენტაცია გაიმართება. კომპოზიტორ ლილიკო ნემსაძის მიერ შექმნილ ჰიმნს ჯგუფი "ფრანი" ასრულებს.